დასრულდა უეფას ეგიდით გამართული მასშტაბური სემინარები, რომლის მასპინძლობის პატივიც წელს პირველად ჰქონდა საქართველოს და ფეხბურთის ფედერაციას. მსგავსი მასშტაბის სემინარი, მთელ ამიერკავკასიაში პირველად ჩატარდა.
ორდღიანი სემინარები სასტუმრო „რედისონში" მიმდინარეობდა და მას უძღვებოდნენ უეფას ლიცენზირებისა და ფეარ-პლეის განყოფილების უფროსი - ანდრეა ტრავერსო და უეფას ფინანსური ფეარ-პლეის მენეჯერი - ფილიპ რასმუსენი.
სემინარებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, 15 სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციები მონაწილეობდნენ -აზერბაიჯანი, სომხეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბელორუსი, ბულგარეთი, ესტონეთი, ყაზახეთი, ლიტვა, ლატვია, მოლდოვა, მაკედონია, მონტენეგრო, პოლონეთი, სერბეთი და უელსი. მონაწილეებმა განიხილეს უეფას საკლუბო ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-პლეის საკითხები.
პირველ დღეს, სტუმრებს მიესალმა და სემინარები ოფიციალურად გახსნა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა - რევაზ არველაძემ. უშუალოდ სამუშაო პროცესში კი, თეორიულ ნაწილთან ერთად, მონაწილეებს გარკვეული პრაქტიკული დავალებების შესრულებაც მოუწიათ.
სემინარების მეორე დღეს, უეფას წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთვის საგანგებოდ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს. სფფ-ისთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან, ქართული კლუბებისთვის და ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნების გამოცდილების მიღება და გაზიარება.
23 თებერვლის საღამოს, სემინარები ოფიციალურად დასრულდა და მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმაც უკვე დატოვეს თბილისი.