22 თებერვალს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის გადადებული მატჩები გაიმართა. 12 თებერვალს გასამართი მე-19 ტური ყინვის გამო არ ჩატარდა და კვირანახევრის შემდეგ ჩაჯდა ეროვნული ჩემპიონატის კალენდარში. ეს ტური ვერც ახლა ამოიწურა. დაგეგმილი ექვსი თამაშიდან ხუთი ჩატარდა, გორის „დილას" და რუსთავის „მეტალურგს" შორის მატჩი კი პირველ მარტს შედგება.
გადადებულმა თამაშებმა გათამაშების ცხრილის ზედა სამეულში ძალთა თანაფარდობა ვერ შეცვალა, რადგან სამივე მოწინავე გუნდმა იმარჯვა. „ზესტაფონს" და „დინამოს" შედარებით გაუჭირდათ სამი ქულის მოპოვება, „ტორპედომ" კი დამაჯერებლად მოუგო „გაგრას".
მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერმა „ზესტაფონმა" „ბაიასთან" შეხვედრის დასკვნით მონაკვეთში მოახერხა ერთადერთი გოლის გატანა. 80-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გაიტანა შეცვლაზე შესულმა შოთა გრიგალაშვილმა.
კიდევ უფრო გვიანი გოლით მოიგო „დინამომ". ირაკლი ძარია თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო და „სიონს" 90-ე წუთზე გაუტანა თავისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვების მომტანი გოლი.
ფოთის „კოლხეთმა" ზუგდიდში გამართული თამაში 2:0 მოუგო მარტვილის „მერანს", რომელიც ნომინალური მასპინძელი იყო. „კოლხეთმა" წინა შეხვედრაც იდენტური ანგარისით დაასრულა, შინ დაამარცხა უშუალო კონკურენტი „ვიტ ჯორჯია" და ბოლო ორ თამაშში მოპოვებული 6 ქულის წყალობით ერთბაშად ოთხი ადგილით წაიწია ცხრილში.