გერმანელი რეჟისორის ტომ ტიკვერის ცნობილი ფილმი "გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი" ოპერად გადაკეთდება. მის ინსცენირებას 2013 წელს რეგენსბურგის თეატრი წარმოადგენს.
ოპერისთვის მუსიკას კომპოზიტორი ლუდგერ ფოლმერი დაწერს, რომელმაც ადრე ფატი აკიმის ფილმი "თავით კედელზე" საოპერო სცენაზე გადაიტანა. ტიკვერმა პირველად მისცა სხვას ნებართვა, თავისი კინოფილმის თეატრალურ ინსცენირებაზე.
ფილმის მთავარი გმირი გოგონაა, რომელსაც 20 წუთი აქვს 100 ათასი გერმანული მარკის საშოვნელად და საყვარელი ადამიანის გადასარჩენად. ფილმში ნაჩვენებია მოვლენების განვითარების სამი შესაძლო ვარიანტი. ფილმი 1998 წელს გამოვიდა. მან მრავალი საფესტივალო ჯილდო მიიღო და მსოფლიო კინოჰიტად იქცა.