ნანა ძაგნიძის გამარჯვებით დასრულდა თბილისის სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გამართული „ვარსკვლავთა ტურნირი" სწრაფ ჭადრაკში, სადაც ქართველმა მოჭადრაკემ გამარჯვება შვედ დიდოსტატ პია კრამლინგთან დამატებით შეხვედრებში მოიპოვა.
შეჯიბრში 12 მაღალრეიტინგიანი ქალი მოჭადრაკე მონაწილეობდა და მათ შორის ძაგნიძის გარდა მხოლოდ ერთი ქართველი, მაია ჩიბურდანიძე იყო. მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა საბოლოოდ მეხუთე ადგილზე დაასრულა გამოსვლა.
ძაგნიძემ ტურნირი წარუმატებლად დაიწყო, საწყის სამ ტურში მხოლოდ ერთ ფრეს მიაღწია, მაგრამ დარჩენილი რვა პარტიიდან შვიდი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.
ბოლო, მე-11 ტურში 25 წლის ქართველმა უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია, შავი ფიგურებით დაამარცხა რუსი მოჭადრაკე ტატიანა კოსინცევა და ამგვარად შვედ დიდოსტატ პია კრამლინგის მსგავსად 8 ქულა მოუგროვდა.
ვინაიდან ძაგნიძემ და კრამლინგმა თანაბარი ოდენობით ქულა დააგროვეს, პირველადგილოსნის გამოსავლენად ორი დამატებითი თამაში დაინიშნა, სადაც მოჭადრაკეებს მხოლოდ 5-5 წუთი ჰქონდათ და ორივე პარტია ყაიმით დასრულდა.
დაინიშნა მესამე დამატებითი პარტია, ეგრედ წოდებული „არმაგედონი", რომელშიც თეთრებით მოთმაშეს 5 წუთი მიეცა გამარჯვებისთვის, ფრე კი ხელს აძლევდა შავებით მოთამაშეს, ოღონდ 4-წუთიანი სათამაშო დროით.
კენჭისყრამ ქართველ მოჭადრაკეს შავი ფიგურები არგუნა და მიუხედავად იმისა, რომ ძაგნიძეს შვედ მოწინააღმდეგესთან შედარებით ნაკლები დრო ჰქონდა, პარტიის ენდშპილში მან მეტოქეს ორი პაიკი მოუგო, საბოლოოდ კი კრამლინგს დრო ამოეწურა და გამარჯვება ძაგნიძეს დარჩა.