19 თებერვალს, ზამთრის შესვენების შემდეგ, განახლდა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი და უმაღლესი ლიგის გუნდებმა მეოცე ტურის მატჩები ითამაშეს.
განვლილი ტური მაინცდამაინც უხვგოლიანი არ გამოდგა. უგოლო ფრეები დაფიქსირდა "ბაია"- "დილასა" და "სიონი"-"მერანის" მატჩებში. გორელთა შემადგენლობაში ბევრი ახალი სახე გამოჩნდა. ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდათ ხორვატ გოლკიპერს - მარინ შკენდერსა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ სანდრო გურულს. ფოთის "კოლხეთმა" ამ სეზონში პირველი მატჩი ითამაშა განახლებულ სტადიონზე და მშობლიურ არენაზე დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა - 2:0 "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ. ცხინვალის "სპარტაკმა" ქუთაისის "ტორპედოს" თბილისში, "ბენდელას" სტადიონზე უმასპინძლა და ასევე, 2:0 გაიმარჯვა.
ტურის ცენტრალური მატჩი კი, რუსთავში გაიმართა, სადაც "მეტალურგმა" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა. ეს შეხვედრა რამდენიმე თვალსაზრისით იყო საინტერესო: თბილისელთა მთავარი მწვრთნელის რანგში შედგა გიორგი დევდარიანის დებიუტი; მატჩი ასევე, სადებიუტო იყო რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. დინამომ, ჩისკოსა და მერებეშვილის გოლებით 2:0 გაიმრჯვა და "დინამოს" ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში მე-500 გამარჯვება მოუტანა.
ტურის ცენტრალურ შეხვედრას, სფფ-ის პრეზიდენტთან ერთად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - თემურ ქეცბაიაც ესწრებოდა, რომელიც თბილისში შაბათს ჩამოვიდა. სავარაუდოდ, 2-3 დღეში, "ჯვაროსანთა" თავკაცი 29 თებერვლის ამხანაგური მატჩისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სრულ სიასაც გამოაცხადებს.