იტალიური საკალათბურთო გუნდი „კანტუ", სადაც ქართველი კალათბურთელები, გიორგი შერმადინი და მანუჩარ მარკოიშვილი თამაშობენ, იტალიის თასის გარეშე დარჩა. „კანტუმ" ფინალურ მატჩში „სიენასთან" ისე წააგო, მოგების შანსი არ ჰქონია. იტალიის ბოლო წლების საუკეთესო კლუბმა 88:71 დაამარცხა "კანტუ" და თავის ბრწყინვალე ტიტულებს კიდევ ერთი წონიანი ჯილდო შემატა. ქართველი კალათბურთელები სასტარტო ხუთეულში კვლავ არ გამოჩენილან. მანუჩარ მარკოიშვილმა 19 წუთი ითამაშა და 2 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. მან 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. შერმადინმა 11 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. კანტუელთაგან ბომბარდირმა ჯანლუკა ბაზილემ შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. მატჩის გმირი სიენელი დევიდ ანდერსენი გახდა, რომელმაც თავი 23 ქულას მოუყარა. მაშ ასე, სეზონის პირველი ტიტული „სიენამ" მოიგო, მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი კი მხოლოდ ფინალში გასვლით შემოიფარგლნენ. უნდა აღინიშნოს, რომ თასის გათამაშების წინა 2 მატჩში ქართველებმა ბრწყინვალედ ითამაშეს.
მასალის გამოყენების პირობები