მთავრობა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობს, რომელიც ერთ კვირაში იქნება მზად.
როგორც დღეს საბანკო სექტორისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, პროექტზე მუშაობა ერთ კვირას გასტანს, რათა კანონის დაწერისას მოხდეს საზღვარგარეთის გამოცდილების გაზიარება და მის შემუშვებაში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთონ.
"ცვლილება საკრედიტო პორთფელის გაზრდის წინაპირობა გახდება, რაც საპროცენტო განაკვეთის შემცირებასაც გამოიწვევს. თუმცა პროექტზე სამუშაოდ მუშა ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც საბანკო სექტორთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც იმუშავებენ. მნიშვნელოვანია, რომ ბანკის გარეთ მოძრავი ფულის მასები საბანკო სექტორში მოექცეს, რათა ბანკს მეტი რესურსი გააჩნდეს. ანუ ბანკში მოხდეს იმ ფულის მასის თავმოყრა, რომელიც დრეს ბანკის გარეთ ბრუნავს", _ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ბაინდურაშვილის განმარტებით, დღეს სესხის გაცემისას სახელმწიფო ოპოთეკა უპირატეს მდგომარეობაშია და ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. მინისტრის თქმით, სახელმწიფოსა და ბანკის მიერ დადებული იპოთეკა უნდა გათანაბრდეს, რაც ასეთი ქონების გაყიდვისას პრობლემებს არ შექმნის და ასეთი ქონება აუქციონზე უპრობლემოდ გაიყიდება.