ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" მდივნის გიორგი ცაგარეშვილის შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "სამარეში ბოლომდე ჩაჰყვა". ამის შესახებ ცაგარეიშვილმა დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქციებში დეპუტატების "გადანაწილების" შეფასებისას აღნიშნა.
"გუშინდელი სხდომა და რეაქციები მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება, საპარლამენტო უმრავლესობა უმძიმეს მდგომარეობაშია. მაჭავარიანის, გოგორიშვილის, სხვების გამოხტომები კი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში ძალიან დიდი ბზარებია გაჩენილი", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, მათი მთავარი სამიზნე სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობაა და თუ ვინმე მათ გადაეფარება, ისიც მათ რიცხვში აღმოჩნდება.
"მინდა მოვუწოდო იმ ადამინებს, რომლებიც არ აპირებენ, სააკაშვილს პოლიტიკურ სამარეში ჩაჰყვნენ, რომლებსაც ქართველი ხალხის წინაშე დანაშაული არ მიუძღვით, რომელთაც სისხლში არ აქვთ ხელი გასვრილი, არ დაუგეგმავთ მიტინგების დარბევა, ხალხის მოტაცება, წამება, გვემა, შეეშვით ნაციონალურ მოძრაობას, თქვენი ადგილი იქ არ არის. მობრძანდით ჩვენთან, გაწევრიანდით ჩვენს ფრაქციაში და ერთად დავასრულოთ 8-წლიანი ჟამიანობა", -განაცხადა ცაგარეიშვილმა.