14-15 იანვარს, საქართველოს შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიშლერ კალმი-რეი ეწვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ მიაწოდა.
"შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში ეწვევა და შეხვედრებს ხელისუფლების სამივე შტოს პირველ პირებთან გამართავს", - განაცხადა კალანდაძემ.
უფრო კონკრეტულად, ვიზიტის ფარგლებში მიშლერ კალმი-რეი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილს, პარლამენტის სპიკერ დავით ბაქრაძეს შეხვდება. მას ასევე პრეზიდენტი სააკაშვილი მიიღებს.