თბილისის საქალაქო სასამართლომ მუხროვანის ამბოხში მონაწილეების განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ ხანგრძლივი პატიმრობა შეუფარდათ საქმის სამ მთავარ განსასჯელს. რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს ლევან ამირიძეს მოსამართლემ 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კობა ოთანაძეს 29 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს შოთა (მამუკა) გორგიაშვილს - 19 წელი.
სამივეს ბრალად ედებოდა ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით. თუმცა სამივე ამ ბრალდებას უარყოფს. ოთანაძეს ასევე ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო ტარება.
იმავდროულად, მოსამართლემ მე-3 ბრიგადის ყოფილ მეთაურს კახა კობაიძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა; ხოლო პირველი ბრიგადის ყოფილ მეთაურს დავით სულხანიშვილს 3 წელი პირობითი სასჯელი და 20 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ორივე ყოფილი სამხედრო მეთაურისთვის, რომელთაც დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებოდათ ბრალი, პროკურატურა 4 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. სულხანიშვილმა დანაშაული აღიარა, ხოლო კობაიძემ ბრალდებები უარყო.
საქმეში კიდევ ერთი მონაწილეს გია ღვალაძესთან სასმართლომ საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
მოსამართლემ კობა კობალაძეს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების მომზადების ბრალდების ნაწილში. თუმცა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და ხელყუმბარების უკანონო შენახვას უკავშირდებოდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კობა კობალაძის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა,. მოსამართლემ კობალაძე ამბოხების ნაწილში გაამართლა. "რაც შეეხება იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებას, ეს ბრალდება კობალაძეს დაუტოვეს, თუმცა მან უკვე მოიხადა ეს ვადა და შესაბამისად, ის დარბაზიდან გათავისუფლდა", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გელა ნიკოლაიშვილმა.