ალა ჯიოევამ სპექტაკლი გაითამაშა ინაუგურაციის ჩატარებით, რომ თავი აერიდებინა მომავალი საარჩევნო კამპანიისთვის და შემდეგ იქ დამარცხებისთვის, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ჯიოევამ კარგად იცოდა, რომ მას არ შეარჩენდნენ ინაუგურაციას. მისი თქმით, ახლა გმირად მიდის და არაა გამორიცხული მომავალში დაბრუნდეს პოლიტიკაში.
"საზოგადოებისთვის მთავარი არა ჯიოევას გამარჯვება, არამედ კოკოითის დამარცხება და წასვლა იყო. კოკოითი გადადგა და ამან დაამშვიდა საზოგადოების განწყობები. თუ ადრე ჯიოევას 3-4 ათასი კაცი უჭერდა მხარს, რაც ცხინვალის პირობებში ძალიან ბევრია. ახლა ეს რაოდენობა 200-300 კაცამდე შემცირდა. მე მგონი ჯიოევა დანებდება. მისთვის ყველაზე კარგი შანსია, რომ პოლიტიკიდან წავიდეს. ეძებდა, რომ ამ ტიპის რამე მომხდარიყო. ის რომ მას არ შეარჩენდნენ ინაუგურაციას და ის რომ პრეზიდენტი არ იქნებოდა, ეს ყველამ და მათ შორის მასაც ესმოდა. მას უნდოდა ღირსეულად წასვლა და მგონი ხელისუფლებამ ეს გაუკეთა. როგორც ჩანს, მას მოსკოვში გამართული შეხვედრებისას აგრძნობინეს, რომ გამარჯვებას ვერ მოიპოვებდა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, ჯიოევა შესაძლოა არც ისე ცუდადაა, როგორც ამბობენ და მისი ციხის ნაცვლად საავადმყოფოში წაყვანა განაპირობა იმან, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყო.
"მე მქონდა ინფორმაცია, რომ დღეს დაარბევდნენ, თუმცა ეს გუშინ განხორციელდა. იმით, რომ ციხის ნაცვლად საავადმყოფოში წაიყვანეს ჯიოევა, ცდილობენ გადაგორდეს ეს მდგომარეობა და ეცდებიან დიდი ხნით გააჩერონ ჯიოევა საავადმყოფოში. არა მგონია, რომ გუშინდელმა ფაქტმა გამოიწვიოს საზოგადოებაში შეუქცევადი მღელვარება. მღელვარება იქნება დღეს, მაგრამ არა მგონია ამან არსებითი განხილვა მოახდინოს წინასაარჩევნო პროცესზე, რომელიც ცხინვალში იწყება. ეს გავლენას ასევე ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზეც. საზოგადოება მზად არის დაიწყოს ახალი არჩევნებისთვის მზადება და ჯიოევას ბევრი მომხრეც მზად არის გადაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაზე", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ალა ჯიოევა დღეს 10 თებერვალს ინაუგურაციას გეგმევდა. გუშინ მის შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, რომლებმაც შტაბი დაარბიეს და იქ მყოფ ადამიანებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.