საქართველო ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, რევაზ არველაძე ფიფას მარკეტინგისა და ტელე-უფლებების კომიტეტის წევრი გახდა.
მარკეტინგისა და ტელე-უფლებების კომიტეტი 15 წევრისაგან შედგება და მისი უმთავრესი ფუნქცია ფიფას აღმასრულებელი კომიტეტისათვის კონკრეტული რეკომენდაციების გაცემა და ამ სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრაა.
აღნიშნული კომიტეტი ფიფასა და მის პარტნიორ მარკეტინგულ და სატელევიზიო კომპანიებს შორის არსებულ ხელშეკრულებებსა და შემდგომ ურთიერთობის არეგულირებს. სწორედ მარკეტინგისა და ტელე უფლებების კომიტეტის რეკომენდაციებზე დაყრდნობით იღებს შემდგომ გადაწყვეტილებას ფიფას აღმასრულებელი კომიტეტი.
ფიფას 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის ასეთ მნიშვნელოვან კომიტეტში ჩართულობა მნიშვნელოვანი ფაქტია და ფიფა-სა და სფფ-ს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.