იტალიის მთავრობამ სკოლებში სახის სრულად დამფარავი სამოსის, მათ შორის ბურქისა და ნიქაბის, აკრძალვის შესახებ კანონ-პროექტი დაამტკიცა. გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა 24 სექტემბერს მიიღო.
მედიის ცნობით, დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს კლასებში იმ მოსწავლეების რაოდენობის 30%-მდე შეზღუდვას, რომლებიც იტალიის მოქალაქეები არ არიან, იტალიაში არ დაბადებულან ან ქვეყანაში საბავშვო ბაღში ორ წელზე ნაკლები აქვთ გატარებული. ეს შეზღუდვა დაწყებით სკოლებში 2027-2028 სასწავლო წლიდან ამოქმედდება.
თუ კლასში ასეთი მოსწავლეების რაოდენობა დადგენილ ზღვარს გადააჭარბებს, ისინი სხვა კლასებსა და სკოლებში უნდა გადაანაწილონ. მთავრობის განცხადებით, ახალი ზომების მიზანია იტალიური ენის შესწავლისა და უცხოელი მოსწავლეების ინტეგრაციის ხელშეწყობა.
კანონი ასევე ითვალისწინებს ჯარიმებს სკოლაში სახის დამფარავი სამოსის ტარებისთვის - ჯარიმის ოდენობამ შესაძლოა 1 000 ევროს მიაღწიოს. ამასთან, აკრძალვა ჰიჯაბზე არ ვრცელდება.
მელონის თქმით, ზომები ხელს შეუწყობს „ნამდვილ ინტეგრაციას“, ყველა მოსწავლისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და ე.წ. „გეტო-კლასების“ რაოდენობის შემცირებას.
დოკუმენტი დაუყოვნებლივ შედის ძალაში, თუმცა საბოლოო ძალაში შესანარჩუნებლად ის პარლამენტმა 60 დღის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს. მელონის სამთავრობო კოალიციას პარლამენტში უმრავლესობა აქვს.