აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან წელს კიდევ ორი შეხვედრა ექნება.
ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა. მისი თქმით, სი ძინპინთან შეხვედრა „ორივე ქვეყნისთვის მეგობრობის, ძალისა და წარმატების სიმბოლოდ იქცა“.
ტრამპის განცხადებით, ის ჩინეთის პრეზიდენტს ნოემბერში ჩინეთში შეხვდება. სწორედ ამ პერიოდში ჩინეთის ქალაქ შენჟენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტი გაიმართება, რომელშიც აშშ-ც მონაწილეობს.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სი ძინპინს დეკემბერში მაიამიში, ფლორიდის შტატში, დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე შეხვდება.
„ბევრი რამ უკვე გაკეთდა და კიდევ ბევრი გაკეთდება. მოუთმენლად ველი ჩვენს შემდეგ შეხვედრას!“ - დაწერა ტრამპმა.
სი ძინპინი აშშ-ს 23-25 სექტემბერს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. ეს ჩინეთის ლიდერის პირველი ვიზიტი იყო აშშ-ში 2015 წლის შემდეგ. ტრამპი სი ძინპინს პირადად დახვდა აეროპორტში.