25 სექტემბერს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში მდებარე საწყობზე მიიტანეს იერიში, რომელსაც ამერიკული კორპორაცია McDonald’s იყენებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, თავდასხმისას დრონი „ჩვეულებრივი პროდუქტების“ წინააღმდეგ გამოიყენეს.
„დღეს ასევე განხორციელდა დრონებით იერიში McDonald’s ის მიერ გამოყენებულ საწყობზე. დამრტყმელი დრონი ჩვეულებრივი პროდუქტების წინააღმდეგ. რუსები მუდმივად აფართოებენ ესკალაციის ოპერაციას: ამერიკული და სხვა ბიზნესები, მონაცემთა ცენტრები, ინტერნეტპროვაიდერები - რუსეთისთვის ჩვეულებრივი ცხოვრების მთელი ინფრასტრუქტურა უბრალოდ სამიზნეა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დასძინა, რომ ეს ყოველივე ადამიანებს კავშირზე დარჩენის, სწავლისა და მუშაობის შესაძლებლობას უზღუდავს.
არსებული ინფორმაციით, საწყობში ინახებოდა ახალი და გაყინული ნახევარფაბრიკატები - კატლეტები, "ნაგეთსები", კარტოფილი "ფრი", ასევე ფუნთუშები, სოუსები, დესერტებისა და კოქტეილების მოსამზადებელი რძის ნარევები და ბრენდირებული პროდუქცია.
ამასთან, ბროვარის მერმა იგორ საპოჟკომ განაცხადა, რომ ბროვარის თემის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში უკვე მეორედ დაზიანდა სამრეწველო საწარმო.
„ხანძრის შედეგად შენობებში ძლიერი დაკვამლიანებაა. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა“, - დაწერა მან.
სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქის ბროვარის რაიონში აფეთქება, წინასწარი ინფორმაციით, McDonald’s-ის საწყობებში მოხდა.