კონტროლის პალატამ საწარმოთა მართვის სააგენტოს რევიზია დაასრულა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" კონტროლის პალატიდან აცნობეს, სააგენტოს აუდიტი უკვე დასრულებულია, ამ დროისათვის ინფორმაციის დამუშავება მიმდინარეობს და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი აუდიტის შედეგები.
საწარმოთა მართვის სააგენტოს აუდიტის პარალელურად, სააგენტოს ბანალსზე მყოფი საწარმოების შემოწმებაც დაიწყო. დღეისათვის 8 საწარმო უკვე შემოწმებულია, მათ შორის სს "გუდაური" და სს "საქაერონავიგაცია". რევიზიის შემდეგ საწარმოთა მართვის სააგენტოს თანამონაწილეობით შექმნილი არამომგებიანი კომპანიების ნუსხა დაიდება, რომლებიც შემდგომ პალატის დასკვნის საფუძველზე, შესაძლოა, საპრივატიზაციო ნუსხაშიც კი მოხვდნენ.
საწარმოთა მართვის სააგენტო 1400-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, რომელთა საწესდებო კაპიტალი 2 მლრდ. ლარს აღემატება.
პრეზიდენტის ინიციატივით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების მიმართულებით გარკვეული რეფორმის ჩატარებაც იგეგმება.
რეფორმის ჩატარებაზე განცხადება მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ხელმძღვანელების მხრიდან საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები მომრავლდა. სააკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო საწარმო, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მოგებას არ აჩვენებს, ან უნდა დაიხუროს, ან მისი ხელმძღვანელობა უნდა გათავისუფლდეს. ზოგიერთ შემთხვევაში კი ხელმძღვანელობა უნდა დააპატიმრონ კიდეც.