საქართველოსა და მოლდოვას შორის წლის ბოლომდე საბაჟო ურთიერთობები გამარტივდება. ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა გიგა ხვინგიამ განაცხადა. ხვინგიას ინფორმაციით, მოლდოვის საბაჟო სამსახურთან ამ დროისთვის მოლაპარკება წარმოებს და ორი ქვეყნის საბაჟო უწყებებს შორის ხელშეკრულების გაფორმება წლის ბოლომდე იგეგმება.
საქართველომ ანალოგიური ხელშეკრულება უკვე გააფორმა უკრაინასთან. დოკუმენტის მიხედვით, ორი ქვეყნის საბაჟო-გამშვები პუნქტები შეთანხმებულად ამუშავდებიან და გამშვებ პუნქტებზე ტვირთების უპრობლემოდ, ძალიან მოკლე პერიოდში გატარება მოხდება.
ხელშეკრულება, რომელიც უკრაინის საბაჟო სამსახურთან გაფორმდა, უკრაინა-საქართველოს შორის საბაჟო უწყებების დონეზე ელექტრონული ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც უკრაინიდან საქართველოში პროდუქციის ექსპორტი განხორციელება, ტვირთის რაოდენობასა და ღირებულებაზე უკრაინის საბაჟო ინფორმაციას საქართველოს საბაჟოს მიაწვდის. ქართული მხარეც იღებს ვალდებულებას, საქართველოდან უკრაინის მიმართულების წასული ტვირთების შესახებ ინფორმაცია უკრაინის საბაჟო უწყებას მიაწოდოს.
შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ ასეთი ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან ექსპორტიორებისა და იმპორტიორების საქმიანობას ბევრად უფრო გააადვილებს. ანალოგიური ხელშეკრულებები ყველა იმ ქვეყანასთან გაფორმდება, რომელთანაც საქართველოს სოლიდური სავაჭრო ბრუნვა აქვს.