ექსპერტთა ნაწილი ფინანსთა მინისტრის იდეას ეწინააღმდეგება და საგადასახადო კოდექსის ცვლილებას ერთგვარი აუდიტის გარეშე მოითხოვს. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანია საგადასახადიო კოდექსის ცვლილებას აუცილებელ რეფორმად მიიჩნევს.
"საგადასახადო კანონმდებლობა კარგია თუ არა _ ამის დადგენას აუდიტი ნამდვილად არ სჭირდება. საგადასახადო კანონმდებლობაში ურთიერთსაწინააღმდეგო ძალიან ბევრი ნორმა არსებობს, ამიტომაც მიმაჩნია, რომ საგადაასხადო კოდექსის ცვლილებებზე მუშაობა რევიზიის გარეშეც უნდა დაიწყოს. ცვლილება ძირითადად საგადასახადო კოდექსის ადმინისტრაციულ ნაწილს უნდა შეეხოს. რაც შეეხება გადასახადების ნაწილს, ის შედარებით უფრო გამართული, ინვესტორებისათვის მიმზიდველია და ამიტომ ის ცვლილებებს არ საჭიროებს", - აცხადებს ნარმანია.
ნარმანიას აზრით, საგადასახადო კოდექსის ადმინისტრაციულ ნაწილში სამი ძირითადი მიმართულება უნდა გამოიკვეთოს.
"ადმინისტრაციულ ნაწილში სამი მთავარი ფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებული. პირველი, მკაფიოდ ჩამოყალიბდეს ცნებების განმარტებები, რადგანაც დღეს არსებული ტერმინთა განმარტებები საკმაოდ ბუდოვანია და სხვადასხვა კანონმდებლობასთან მოდის წინააღმდეგობაში.
მეორე ფაქტორია ის, რომ დავების მოგვარების მექანიზმი უნდა იყოს მორგებული ყველაზე და არა მხოლოდ ფინანსთა სამინისტროზე. მესამე და მთავარი: დღეისთვის გადასახადის გადახდა ხდება მაშინაც, როდესაც ის სადავოა, ამიტომ ეს ნაწილი უნდა შეიცვალოს და მისი გადახდა უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც დავა დასრულდება და საბოლოოდ გაირკვევა, მართლაც უწევს თუ არა მეწარმეს გადასახადის გადახდა. იმავდროულად უკანონო დაჯარიმებებზე ფინასთა სამინისტრომ პასუხი უნდა აგოს და უნდა დაჯარიმდეს. ზოგიერთ შემთხვევაში უკანონო დაჯარიმების ფაქტზე თავად იმ კონკრეტული საგადასახადო ინსპექტორის პასუხისმეგებლობის საკითხი უნდა დადგეს", - აცხადებს დავით ნარმანია.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის განმარტებით 2010 წელს საგადასახადო კანონმდებლობის მასშტაბური აუდიტი იგეგმება, რათა დადგინდეს, რამდენად ხელსაყრელია კოდექსი ინვესტორებისთვის და ხომ არ შეიძლება მისი შეცვლა უკეთესობისკენ.