საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება შპს ,,აგარაკმშენი"-ს და შპს ,,არქმშენსერვის"-ს ხელმძღვანელების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მითვისების ფაქტზე _ დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 მუხლით.
წინასწარი გამოძიებით გაირკვა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს, 2007-2008 წლებში გამოცხადებული ტენდერების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ჰქონდათ ხელშეკრულებები - აეროპორტის საბაჟო გამშვები პუნქტის (ტერმინალი), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფინანსური პოლიციის შენობის და სხვა ობიექტების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 6 000 000 ლარამდე შეადგინა.
შპს ,,აგარაკმშენი"-ს დირექტორმა დავით ჯოხაძემ, შპს ,,არქმშენსერვისი"-ს შესყიდვების მენეჯერებმა ალექსანდრე ხუხუნაიშვილმა და ცოტნე მუსელიანმა ბიუჯეტიდან გამოყოფილი 6 000 000 ლარიდან, მითვისეს დაახლოებით 1 000 000 ლარი. დანაშაულის დაფარვის მიზნით მათ დაამზადეს სამშენებლო მასალის შესყიდვის და ხარჯვის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.
2010 წლის 04 იანვარს, საქართველოს პროკურატურამ დააკავა დავით ჯოხაძე, ალექსანდრე ხუხუნაიშვილი და ცოტნე მუსელიანი ეჭვმიტანილის სახით, ხოლო 06 იანვარს მათ წაეყენათ ბრალდება და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში შპს ,,აგარაკმშენი"-ს დირექტორს დავით ჯოხაძეს, შპს ,,არქმშენსერვისი"-ს შესყიდვების მენეჯერებს ალექსანდრე ხუხუნაიშვილსა და ცოტნე მუსელიანმა 7 წლამდე პატიმრობა ელით.