თბილისი.22.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". ბაზისბანკი მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს. დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე "ბაზისბანკის" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ციხისთავმა ახალი პროდუქტი, "ზრდადი მომავლის ანაბარი" წარადგინა.
ზურაბ ციხისთავის განცხადებით, "ზრდადი მომავლის ანაბარით" "ბაზისბანკმა" დეპოზიტების მოზიდვისა და სესხების გაცემის პროცესი გააერთიანა. მომხმარებელი, რომელიც "ბაზისბანკში" გახსნის დეპოზიტს, მას შეეძლება ბონუსის სახით სესხის გამოტანა შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით.
"ზრდადი მომავლის ანაბარი" მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს მაღალი საპროცენტო სარგებელი ანაბარზე-წლიური 14% -ის ოდენობით და ამავდროულად, სურვილის შემთხვევაში, ისარგებლოს გარანტირებული სესხით, ბანკში მოქმედი მინიმალური საპროცენტო განაკვეთით, მის მიერ დაგროვებული თანხის შესაბამისად. სესხის საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე შეადგენს 16% , ავტოსესხზე - 18%, ხოლო სამომხმარებლოზე - 20%", _ განაცხადა ზურაბ ციხისთავმა.
"ბაზისბანკის" საცალო მიმართულების დირექტორის, ლევან გარდაფხაძის განმარტებით, პროდუქტის მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის, ერთდროულად ფულის დაგროვების და გარანტირებული სესხის მიღების საშუალებაა.
"მას შემდეგ, რაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი "ბაზისბანკის" აქციონერი გახდა, ქართულმა ბანკმა, როგორც ინსტიტუციური მოწყობის, ისე საბანკო პროდუქტების განვითარების მიმართულებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. უახლოეს მომავალში "ბაზისბანკი" ბევრ სასარგებლო სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს", _ განაცხადა ლევან გარდაფხაძემ.