ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად შეგნებულად დაასახელა ადამიანი, რომელსაც არ აქვს განათლება და საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, რომ ის მისი სახეა, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
„ვფიქრობ, საკმაოდ შეგნებულად და გააზრებულად გადადგა ბიძინა ივანიშვილმა ეს ნაბიჯი. მან გადახედა საკუთარ ხელქვეითებს და მოძებნა ისეთი ადამიანი, რომლის კანდიდატურად ყველაზე წარმოუდგენელი იქნებოდა. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ ექნება იმისი უნარებიც კი, რომ აიღოს ტელეფონი და დაურეკოს სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს, ბიძინა ივანიშვილის სრული კონტროლისა და თანხმობის გარეშე ნებისმიერი ქმედება განახორციელოს, ან წაიკითხოს კანონი და რაღაც საკუთარი აზრი გამოხატოს ამ კანონთან დაკავშირებით.
მან შეგნებულად დაასახელა ადამიანი, რომელსაც არ აქვს განათლება და მან საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, რომ ეს ადამიანი არის თვენი სახე, თქვენ ასეთები ხართ. ანუ, ქართველი კაცი უნდა იყოს კაცი, რომელსაც არ აქვს განათლება, ეს ადამიანი არის თქვენი სახე. მას წარმოუდგენია ქართველი ხალხი, რომ მათ არ ჰქონდეთ განათლება, ისინი უნდა იყვნენ უზრდელები და პრორუსები, მორჩილებაზე აღარ არის ლაპარაკი. ეს იყო დაცინვა და დათრგუნვის მცდელობა საზოგადოების", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.