გასულ წელს რუსეთის ფედერაციაში გახმაურებული მკვლელობების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. რუსი კრიმინალების სამიზნე გახდა მრავალი ბიზნესმენი, ჟურნალისტი და სახელმწიფო მოხელე.
2008 წელს რუსეთში პირველი ხმაურიანი მკვლელობა 13 თებერვალს მოხდა, როდესაც საკუთარ სახლთან სარატოვის ოლქის პროკურორს, ევგენი გრიგორიევს თავს დაესხნენ. ბოროტმოქმედებმა პროკურორი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
მკვლელობა იმთავითვე მის პროფესიულ საქმიანობას დაუკავშირდა და უკვე მარტის დასაწყისში ეჭვმიტანილთა დაკავებაც მოხდა. გრიგორიევის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს ოთხ ადამიანს, მათ შორის სავარაუდო შემკვეთს, სარატოვის ერთ-ერთი ქარხნის დირექტორს, ალექსეი მაქსიმოვს. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი კი, გარდაცვლილი იპოვეს.
გახმაურებული მკვლელობების სერიას აგრძელებს ინგუშეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, ჰასან ანდიევის მკვლელობა. იგი აპრილში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
24 სექტემბერს მოსკოვის ცენტრში სახელმწიფო დუმას ყოფილი დეპუტატი და ბატალიონ “ვოსტოკის” ყოფილი მეთაურის ძმა რუსლან იამადაევი დაცხრილეს. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის ბრძანებით განხორციელდა, რომელსაც იამადაევის კლანთან კონფლიქტი ჰქონდა.
ბოროტმოქმედების მსხვერპლი გახდა ქალაქ კანდალაშკას მერი ნინა ვარლამოვა და ვალდაიკავკზის მერი ვიტალი კარაევი.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ბოლო გახმაურებული მკვლელობაც სწორედ ვლადიკავკაზს უკავშირდება. 31 დეკემბერს დაუდგენელმა პირმა ქალაქის ყოფილი მერი ყაზბეგ პაგიევი სამსახურეობრივ ავტომანქანაში ჩაცხრილა. თავდასხმის დროს ასევე გარდაიცვალა პაგიევის მძღოლი.
2008 წელი ჟურნალისტებზე თავდასხმებითაც გამოირჩეოდა. ამ მხრივ პირველი შემთხვევა 21 მარტს მოხდა, როდესაც მოსკოვში რუსეთის “პირველი არხის” კორესპონდენტი ილიას შურპაევი მოკლეს. 32 წლის ჟურნალისტის სხეული დანით მიყენებული ჭრილობებით აღმოაჩინეს.
ასევე 21 მარტს, მახაჩკალას ცენტრში მოკლეს დაღესტანელი ჟურნალისტი გაჯი აბაშილოვი. გამოძიების ვერსიით, მკვლელობა შეკვეთილი იყო. თავდამსხმელებს არავითარი კვალი არ დაუტოვებიათ. დაღესტანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წამოაყენა ვერსია, რომლის თანახმად, ჟურნალისტი ვაჰაბიტმა ბოევიკებმა მოკლეს. პრეზიდენტის პრეს-მდივნის მიერ გახმოვანებული ინფორმაციით, აბაშილოვი ვაჰაბიტთა “შავ სიაში” იყო შეყვანილი.
31 აგვისტოს მოკლეს ინტერნეტ-პორტალის “ინგუშეთია რუ”-ს მფლობელი მაგომედ ევლოევი. იმ დღეს იგი მახაჩკალაში ჩავიდა და ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს, რომლებმაც შემდეგ განაცხადეს, რომ ისინი აპირებდნენ ევლოევის დაკითხვას, ერთ-ერთ საქმეზე, სადაც იგი მოწმის სტატუსით ფიგურირებდა. თუმცა ჟურნალისტი განყოფილებამდე არ მიუყვანიათ. იგი გზაში დაჭრეს და მანქანიდან გადმოაგდეს. მაგომედ ევლოევი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
რაც შეეხება ბიზნესმენებზე თავდასხმებს, რუსმა კრიმინალებმა ამ კუთხით თითქმის რეკორდი მოხსნეს. მხოლოდ უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში რუსეთში რამდენიმე გავლენიანი ბიზნესმენი მოკლეს.
ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა კი 27 ნოემბერს მოსკოვის გარეუბანში მოხდა. ლუბერეცკოს რაიონში 36 წლის ბიზნესმენს დიმიტრი ვაკულინს ქილერებმა პისტოლეტით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.
გარდაცვლილი ფირმა "პრეს-მოტივის", "ოპტიმას" და “რენომეს" მფლობელი იყო. აღნიშნული კომპანიები რუსეთში სასმელებისა და თამბაქოს დისტრიბუციას ახდენენ.
სამართალდამცავთა მონაცემებით, ეს დანაშაული დიდი ხნის წინ დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდება, რომელიც რესტორან "დივას" გამო წარმოიშვა.
აღსანიშნავია, რომ 30 სექტემბერს მოსკოვის გარეუბანში "მაკაროვის" ტიპის იარაღით ადგილობრივი მეწარმე, "დივას" გენერალური დირექტორი 32 წლის მარატ მულაშაეხოვი მოკლეს.
ასევე მოსკოვში მოკლეს ფირმა "მოსკომსტროის" გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსეი სოკოლოვი. იგი 13 ნოემბერს პოკროვსკის ბულვარზე დაცხრილეს. ბიზნესმენს "ბე-ემ-ვე"-ს მარკის კუთვნილი ავტომობილიდან გადმოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
რუსი კრიმინალების სამიზნე გახდა წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი ოლეგ ავლოხაშვილიც. იგი 28 ნოემბერს დილით მოსკოვის ცენტრში ავტომობილ "Pორსცჰე ჩაყენნე"-ში ჩაცხრილეს. თავდამსხმელებმა ბიზნესმენს დაახლოებით 20 ტყვია ესროლეს. წინასწარი ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ბრონირებული ავტომობილი 7.62 კალიბრის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცხრილეს.
რუსეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს ოფიციალურ სტატისტიკა არ გაუხმოვანებიათ, თუმცა საერთო ჯამში 2008 წელს ფედერაციაში ათობით ბიზნესმენი, ჩინოვნიკი და მედიის წარმომადგენელი მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები