უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული გუნდი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის ემზადება. მისი თქმით, მოლაპარაკებების შესახებ დამატებითი დეტალები ხვალ გახდება ცნობილი.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ომი მოვლენების განვითარების ერთადერთ ვარიანტად არ დარჩეს. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა იზიარებს ჩვენს ბევრ შეხედულებას - როგორც ფრონტზე, ისე დარტყმებთან დაკავშირებით. საჭიროა აქტიურობა და სწორედ ასე, აქტიურად ვმუშაობთ დასვენების დღეების გარეშე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის, უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო. ამის მიზეზი კიევზე რუსეთის ინტენსიური სარაკეტო და დრონებით შეტევებით იყო განპირობებული.
25 აგვისტოს კი მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა. ეს მისი პირველი ცნობილი ვიზიტი იყო რუსეთში. მან რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა მიმდინარე კვირის დასაწყისში მოსკოვში საიდუმლო ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა, რომლის მიზანიც ომის დასრულება იქნებოდა.