ევროკომისიაში განაცხადეს, რომ სრულად სცემენ პატივს ისლანდიელი ხალხის არჩევანს. ამის შესახებ ინფორმაციას.Euronews ავრცელებს.
როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, კომისია მხედველობაში იღებს რეფერენდუმის შედეგებს. მისივე თქმით, ისლანდია ევროკავშირის ახლო პარტნიორად რჩება.
„კომისია პატივს სცემს ისლანდიელი ხალხის არჩევანს“, – განაცხადეს ევროკომისიაში.
ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ისლანდიის პრემიერ-მინისტრთან, კრისტრუნ ფროსტადოტირთან შეტყობინებები გაცვალა.
ორივე ლიდერმა გამოთქვა სურვილი, რომ ევროკავშირსა და ისლანდიას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს.
„პრეზიდენტმა კოშტამ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი სრულად სცემს პატივს დღევანდელ რეფერენდუმზე ისლანდიელი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. ისლანდია ევროკავშირის ერთ-ერთ უახლოეს და ყველაზე სანდო პარტნიორად რჩება“, - განაცხადა სპიკერმა.
ფროსტადოტირს მანამდე განაცხადა, რომ რეფერენდუმზე წინადადების უარყოფის შემთხვევაში, მისი პრემიერობის დარჩენილი ვადის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს საერთოდ აღარ დაუბრუნდებოდა.
„მოსახლეობის 47% დაინტერესებული იყო ამ საკითხით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო კვირებსა და თვეებში ეს პოზიცია გავითვალისწინოთ და პატივი ვცეთ მას“.- განაცხადა ფროსტადოტირმა.
ბრიუსელში ევროკავშირის ოფიციალური პირები და დიპლომატები ისლანდიას გაფართოების პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ კანდიდატად მიიჩნევდნენ. მათი შეფასებით, ისლანდია ევროკავშირთან ინტეგრაციის მაღალი ხარისხის გამო წევრობის პროცესში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახდებოდა.
ისლანდიაში ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმზე, რომელიც 29 აგვისტოს გაიმართა, მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ამომრჩეველთა 52.5%-მა მისცა ხმა, ხოლო გაწევრიანებას 47.5%-მა დაუჭირა მხარი.