ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერა და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას
ამის შესახებ რუსთავში ჟურნალისტებს ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განუცხადა, რომელიც ბრალის დადგენილებას ესწრებოდა.
მისი თქმით, ექს-პრემიერი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდულია.
"დღეს წარედგინა ბრალი. ეს არის პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ქრთამის აღება. მან ბრალის დადგენილებას ხელიც კი არ მოუწერა. არ აღიარებს ბრალს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას.
ირაკლის წერილების გამოქვეყნების შემდეგ რამდენჯერმე გაიჟღერა ფრაზამ, რომ თითქოს ეს წერილი იყო აბსურდი, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ის რაც დღეს ხდება, ივლისში გამოგზავნილ წერილში რომ შინაარსობრივად წერია, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთო, ერთი კითხვა მაქვს საზოგადოებასთან, კიდევ ეპარება ვინმეს ეჭვი, რომ ის ბრალი რაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინეს, არის შეთითხნილი, არ შეესაბამება სიმართლეს.
მან განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსურდი. ამის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა და მიხვდა, რომ ამგვარ რაღაცას უმზადებდნენ მას შემდეგ, რაც ეს შემონათვალი იყო. შესაბამისად თქვენ დასვით ეს კითხვა, მაშინ რითია ეს ყველაფერი განპირობებული - მისი ცალსახა პოზიციაა და ის ამას თავადაც გააცხადებს შემდეგში, რომ ის არის პოლიტიკური დევნა მის მიმართ. დღეს, მე როგორც ადვოკატს მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი", - განაცხადა ლილი გელაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას.
პროკურატურამ ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.