საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა ისეთი პატარა პარტიების შანსის მიცემაზე იყო გათვლილი, როგორიც ჯონდი ბაღათურიას და გიორგი ცაგარეიშვილის პარტიებია. ამის შესახებ ცისკარიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას აღნიშნა.
"როდესაც საუბარი იყო მანდატების 190-მდე გაზრდაზე, ეს არ იყო მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტიის დაკმაყოფილებისთვის გაკეთებული. ჩავთვალეთ, რომ ამით ისარგებლებდნენ ისეთი პატარა პარტიები, როგორიცაა ჯონდის ან ცაგარეიშვილის პარტიები. ყველა ამ პარტიას შანსი ექნებოდა, 5%-იანი ბარიერი მაინც გადაელახა", - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.
მისი შეფასებით, კონსულტაციებზე მიღწეული შეთანხმება იდეალური არც ერთი მხარისთვის არ არის, თუმცა მასზე შეთანხმება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა.