“ვშიშობ, რომ საქართველოს პრეზიდენტზე შეკვეთილი მკვლელობა არ მოაწყონ”, _ ამის შესახებ განაცხადა ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ვახტანგ კიკაბიძემ რუსულ გაზეთ “ბულვარ გორდონისათვის” მიცემულ ინტერვიუში.
“როდესაც საქართველოდან რუსული ჯარისა და მძიმე ტექნიკის გაყვანა დაიწყეს, თან ფურცლებს ჰყრიდნენ, სადაც შავით თეთრზე ეწერა: გაარიდეთ სააკაშვილი ხელისუფლებას და თქვენთან ნორმალური ცხოვრება დაიწყება. ამავე დროს იყო მინიშნება იმაზე, თუ ვის უნდა შეეცვალა სააკაშვილი”, _ აცხადებს კიკაბიძე.
რუსი ჟურნალისტის კითხვაზე თუ ვინ იყო მოაზრებული სააკაშვილის შემცვლელად ვახტანგ კიკაბიძე პასუხობს, რომ ეს საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეა.
“ეს მართლაც ჭკვიანი და მოქნილი პოლიტიკოსია, მაგრამ ასე ხომ არ შეიძლება! ეს არა მხოლოდ სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევაა, არამედ მოწოდებაცაა მთავრობის ჩამოგდებისკენ. მომწონს თუ არა სააკაშვილი, ეს ჩემი პრობლემაა. მაგრამ მე არასოდეს ცხოვრებაში არ დავუწყებ გინებას სხვა სახელწიფოს პრეზიდენტს, იმიტომ, რომ ამით შეურაცხყოფას მივაყენებ იმ ერს, რომელმაც იგი აირჩია. თუმცა, იცით, რომ ვლადიმერ პუტინს უკვე აქვს ზედმეტსახელი _ სააქციო საზოგადოების “რუსეთის პრეზიდენტის” გენერალური დირექტორი. ყველაფერი მას ექვემდებარება. ეს არანორმალურია, თუ არა საშინელი. მედვედევმა უკვე პუტინისეული სიარულის მანერის კოპირებაც დაიწყო და რით დასრულდება ეს კოპირება არავინ იცის”, _ აცხადებს ვახტანგ კიკაბიძე და რუსეთის პრეზიდენტისათვის “მეგობრობის ორდენის” დაბრუნებაზე განმარტებებს კიდევ ერთხელ აკეთებს.
“ფიქრობთ, როდესაც ამ ნაბიჯს ვდგამდი არ ვიცოდი, რომ ლუკმა-პურზე ვამბობდი უარს? მაგრამ სხვაგვარად მოქცევა არ შემეძლო. მე იმ ქვეყნის სახელმწიფო ჯილდოზე ვთქვი უარი, რომელიც ჩემს ქვეყანას ბომბავდა. ფსიქოლოგიურად ჩემთვის ძალიან მძიმე იქნებოდა კრელში მისვლა ჯილდოს მისაღებად და იქ სამადლობელი სიტყვის წარმოთქმა. ის კი არა, ჩემთვის ჯერაც ძალიან ძნელია ვიმღერო რუსეთისთვის, დღემდე შოკიდან ვერ გამოვსულვარ”, _ აცხადებს კიკაბიძე და რუსული მედიის წარმომადგენელს ეუბნება: “იცით რატომ მღერიან ქართველები ასე კარგად მრავალხმიან სიმღერებს? იმიტომ რომ, როდესაც საქმე ძალიან ცუდადაა ჩვენ გაერთიანება გვჩვევია. ჩვენში ბევრს გაუცრუა სააკაშვილმა იმედი, მაგრამ როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა ყველამ ერთმანეთს ხელი ჩაკიდა და ჩვენი პრეზიდენტის მხარეს დადგა. სწორედ ამგვარი სოლიდარობის წყალობით გაუძლო მუსულმანური ქვეყნებით გარშემორტყმურმა პატარა მართლმადიდებლურმა საქართველომ ყველაფერს და გადარჩა”, _ აღნიშნა კიკაბიძემ.
მასალის გამოყენების პირობები