. აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტები ნატოს არაწევრი ქვეყნების ტერიტორიაზე არ განთავსდება. ამის შესახებ თბილისში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის თადაცვის მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიგა ბოკერიასთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ამერიკის სარაკეტო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს ნატოს არაწევრ ქვეყნებთან არ ვმართავთ. შეერთებულ შტატებს არ აქვს სურვილი, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები იმ სახელწმიფოების ტერიტორიებზე განთავსდეს, რომლებიც ამ ორგანიზაციის წევრები არ არიან", - განაცხადა ვერშბოუმ.
თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, ამერიკელი მაღალჩინოსნის განმარტებით, მოსკოვთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორც შეიძლება რუსეთი "საერთო უსაფრთხოების პროცესში" იყოს ჩართული.
"მაგრამ რუსეთთან მოლაპარაკებები ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა", - განმარტა მან და აქვე დასძინა, კიდევ ორი სახელმწიფო, რომლებთანაც კონსულტაციები იმართება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეიძლება იყოს მათი როლი აღნიშნულ პროცესში პოლონეთი და ჩეხეთია.
"სხვა, ინდივიდუალურ სახელმწიფოებთან ამ საკითხის განხილვა არ დაგვიწყია", - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე.
საერთო ჯამში, ალექსანდრ ვერშბოუს შეფასებით, შეერთებული შტატების ანტისარაკეტო გეგმა უფრო ეფექტური იქნება მსოფლიოში უკვე არსებული და მომავალი საფრთხეების გასამკავებლად.