დღეს, 20 ოქტომბერს, პაატა ბურჭულაძის ფონდი "იავნანა" თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში მორიგ საქველმოქმედო აქციას გამართავს.
მაყურებლის წინაშე ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის, ლა-სკალასა და ლონდონის კოვენტ გარდენის იტალიელი სოლისტები _ მარკო ბერტი და პიერო ჯულიაჩი და ცნობილი ქართველი მომღერალი, ბადრი მაისურაძე წარსდგებიან.
"მსოფლიოში აღიარებული პროექტით "3 ტენორი" საღამოზე შესრულდება ცნობილი ნაწარმოებები, პროგრამაში შესულია ნეოპოლიტანური სიმღერები", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს. საქველმოქმედო კონცერტი ტელემარათონის ფორმით წარიმართება. აქციაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება.
ფონდი იავნანა უკვე ერთი წელია ყოველთვიურად ეხმარება აგვისტოს ომის შედეგად დაობლებულ 123 ბავშვს. 20 ოქტომბრის აქციით შემოსული თანხა აღნიშნული პროექტის გაგრძელებას მოხმარდება.