დღეს, 20 ოქტომბერს, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი მუშაობას განაახლებს. საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი ამომრჩეველთა სიების ფორმირებასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები კვლავ სადავოა.
უმრავლესობის, უმცირესობისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ დღევანდელი შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდება.
ქრისტიან-დემოკრატები დღევანდელ შეხვედრაზე თვითთმმრთველ ქალაქებში მერის პირდაპირი წესით არჩევის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების შესახებ ისაუბრებენ.
"საარჩევნო ჯგუფზე მომუშავე პოლიტიკური პარტიები გააგრძელებენ დისკუსიას იმ მთავარ და ძირითად ფუნდამენტურ საკითხებზე, რომლებიც შეეხება ახალ საარჩევნო კოდექსს და ზოგადად საარჩევნო გარემოს. ჩვენ გარკვეული მიმართულებებით გვაქვს პოზიციების დაახლოება და იმედია ძალიან მალე ამ ძირითად საკითხებზეც მივაღწევთ გარკვეულ შეთანხმებას და შემდეგ უკვე დავიწყებთ ახალი კოდექსის აღსრულებასა და რეალობაში მოყვანას", _ აცხადებს საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი.