ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით და რკინიგზის დეპარტამენტის ხელშეწყობით, შიდა ტურიზმისა და მატარებელ "კუკუშკის" პოპულარიზაციის მიზნით, 2010 წლის 7 იანვრიდან ერთი თვის განმავლობაში, დაინიშნება სპეციალური ტური ბაკურიანი-წაღვერი-ბაკურიანი. ტურიზმის დეპარტამენტის საახალწლო საჩუქარი ბავშვებს - აღნიშნულ ტურზე პირველი 3 დღის განმავლობაში (7, 8, 9 იანვარი) უფასო გასეირნება.
აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს "კუკუშკის", როგორც ტურისტული პროდუქტის აღდგენას, მის პოპულარიზაციას, რომელიც იქნება კიდევ ერთი საშუალება ამ რეგიონში ტურისტების მოსაზიდად.
მატარებლის ვაგონები იქნება საახალწლოდ გაფორმებული, ტურის პირველი 3 დღის განმავლობაში მგზავრების გართობაზე იზრუნებენ ანიმატორები.
7 იანვარს იგეგმება ტურის საზეიმო გახსნა. ღონისძიებას დაესწრებიან: ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - ზაალ აბაზაძე და დეპარტამენტის თანამშრომლები.
ამასთანავე, 5 და 6 იანვარს ჩატარდება აღნიშნული ტურის პრომო აქციები, სადაც სანტა კლაუსი და სხვადასხვა ზღაპრის გმირები საახალწლოდ გაფორმებული მარხილებით ამცნობენ დამსვენებლებს ტურის გახსნის შესახებ, დაარიგებენ სარეკლამო ფლაერებსა და ტკბილეულს.