2009 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 78.9 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სები-დან აცნობეს, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2009 წლის ნოემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 508.4 მლნ ლარის (ოქტომბრის ბოლოს მონაცემთან შედარებით 1.9 პროცენტით ანუ 9.6 მლნ ლარით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 2.4 მლრდ ლარის (შესაბამისად, 0.5 პროცენტით ანუ 11.5 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის
სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 46.2 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. მიმდინარე წლის ოქტომბერთან შედარებით ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა თითქმის არ შეცვლილა და 1.3 მლრდ ლარის დონეზე დარჩა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 22.0 პროცენტს შეადგენს, რაც 2009 წლის 1 დეკემბრისათვის 639.5 მლნ ლარით განისაზღვრა (3.6 პროცენტით მეტი წინა თვესთან შედარებით); 10.7 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 310.8 მლნ ლარია (6.5 პროცენტით ნაკლები, შესაბამისად).
2009 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა წინა თვესთან შედარებით, თითქმის არ შეცვლილა და 5.2 მლრდ ლარის დონეზე დარჩა.