დღეს, 20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, წეროვანის დევნილთა ჩასახლება წეროვანში მასპინძლობს მშვიდობისა და ადამიანის უფლებების მე-3 სამხრეთ კავკასიურ კინოფესტივალს "მე _ ადამიანი". ფესტივალის ინიციატორები და დონორები არიან ფონდი "ღია საზოგადოება _ საქართველო" და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი. ფესტივალს მხარს უჭერენ "ღია საზოგადოების" ინსტიტუტი, შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის ფონდი, კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის და შვეიცარიის საელჩო საქართველოში.
მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთ კავკასიური კინოფესტივალი "მე _ ადამიანი" უნიკალური ფესტივალია "ბორბლებზე". ის მთელი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით აჩვენებს დოკუმენტურ ფილმებს შერიგებაზე, ადამიანის უფლებებსა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე და მაყურებელს ფილმებში წარმოდგენილი მწვავე თემების განხილვისაკენ მოუწოდებს. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ის სამხრეთ კავკასიის 51 დასახლებულ პუნქტში გაიმართა.
ფესტივალის მიზანს სამხრეთ კავკასიის მოსახლეობაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების იდეის პოპულარიზაცია, შერიგების თემაზე დებატების გაფართოება და მისი სამხრეთ კავკასიის დედაქალაქების ინტელექტუალური შრეების მიღმა გატანა წარმოადგენს. 2009 წელს მთელს სამხრეთ კავკასიაში 7 სექტემბრიდან 4 ნოემბრამდე 26 ამგვარი ფესტივალი ჩატარდება.
ფესტივალის "მე _ ადამიანი" პარტნიორია პრაღის ადამიანის უფლებების ცნობილი ფესტივალი "ერთიანი სამყარო", რომელიც სამხრეთ კავკასიის კინოფესტივალს საჩვენებელ ფილმებს აწვდის.