ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი ესტონეთში, ზურაბ ხამაშურიძე დაიბარა. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებით, ელჩის დაბარება უკავშირდებოდა "საქართველოს მოქალაქეების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და საქართველოს მმართველი პარტიის მტრული განცხადება ესტონეთის შესახებ".
"ავტორიტარული ხელისუფლებისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადებები არის მიუღებელი, მტრული და სიცრუით სავსე. სამწუხაროა, რომ ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთა სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპისკენ მიმავალ პროგრესს ესტონეთი მხარს უჭერს თითქმის 30 წელია, ესტონეთის სუვერენიტეტის მიმართ მტრულ რიტორიკას ატარებენ, რითიც იმეორებენ რუსულ ნარატივს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს და წინა და შემდგომ პერიოდს.
"არჩევნების მონიტორინგის საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაადასტურეს ფართომასშტაბიანი დარღვევების ფაქტი და ესტონეთის მთავრობამ თავისი პოზიცია გამოთქვა. ელჩთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ქუჩებში საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევა მიუღებელია და არღვევს ადამიანის უფლებებს", – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
"ესტონეთი ამას ვერ მოითმენს. ჩვენ გავაკეთეთ შესაბამისი განცხადებები და დავაწესეთ სანქციები ქვეყანაში შესვლის აკრძალვის სახით 25 პოლიტიკოსისა და მაღალჩინოსნის მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ძალადობაზე. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს საქართველოს ევროინტეგრაცია, ხალხი შოკირებული იყო და აიძულა ისინი, გასულიყვნენ ქუჩაში საკუთარი შეხედულებების გამოსახატად და მათ აქვთ ამის უფლება", - განაცხადა მინისტრმა ცაჰკნამ.
შეგახსენებთ, 15 დეკემბერს ესტონეთმა და ლიეტუვამ სანქციები დაუწესეს ირაკლი კობახიძეს და კიდევ 10-ზე მეტ ქართველ მაღალჩინოსანს.
17 დეკემბერს, ლიეტუვისა და ესტონეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს მთავრობა, სადაც აღნიშნულია, რომ "ესტონეთი და ლიეტუვა უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ".
"საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს. თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ჩვენი გადაწყვეტილებაა, ორივე სახელმწიფოსთან დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რათა ჩვენი მხრივ არ შევუქმნათ საფრთხე ტრადიციულ მეგობრობას ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის.
ფართოდ არის ცნობილი, რომ ესტონეთი და ლიეტუვა არიან სახელმწიფოები, რომლებსაც ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი და რომელთა მთავრობები არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული სახელმწიფოების მთავრობები იძულებული არიან, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ იმოქმედონ. სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის 33-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს დღემდე ვერ დააღწიეს თავი.
ჩვენს მეგობარ ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს ვუსურვებთ სუვერენიტეტის განმტკიცებას და ყოველივე საუკეთესოს 2025 წელს!“,- აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.