იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ლანა მორგოშიამ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის“ პროექტის (GRAIL) „მიწის ადმინისტრირების მომსახურების გაუმჯობესების და ციფრული მმართველობის ინფრასტრუქტურის შექმნის“ კომპონენტის მიმდინარეობა და 2026 წელს დაგეგმილი აქტივობები.
„იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ მასშტაბური სამუშაოების შესახებ, რომელიც ქართულმა მხარემ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განახორციელა. საჯარო რეესტრის სააგენტოსთან თანამშრომლობას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს და აღნიშნეს, რომ ეს უწყება სამაგალითოა პროექტის მართვითა და ინოვაციური განვითარებით“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე და „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის“ პროექტის მენეჯერი ელენე გრიგოლია.
„მსოფლიო ბანკის დელეგაცია საქართველოში „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის“ პროექტის მიმდინარეობის შეფასების მიზნით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დანერგილ სხვა ისეთ ინოვაციებსაც გაეცნენ, როგორებიცაა: ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის პროექტი; მულტიფუნქციური გეოპორტალი NSDI.GOV.GE; გონიერი კონტრაქტი და სხვა“,- აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.