ქართულ პრესაში გამოქვეყნდა იმ ადამიანთა სიის ფრაგმენტული ნაწილი, რომელთაც ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" უწევს ყოველთვიურ დახმარებას. ფონდ „ქართუს" განცხადებით, სიის გასაჯაროება ფონდ „ქართუს" ინიციატივით არ მომხდარა. მათივე ინფორმაციით, გამოქვეყნებული სია არაზუსტი და ფრაგმენტულია. სიის გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა, თუ რა ნიშნით იღებდნენ სიაში მოყვანილი ადამიანები დახმარებას.
"კანონმდებლობის მიხედვით, ფონდის საქმიანობა საჯაროა და მედიის წარმომადგენლებს წლების განმავლობაში შეეძლოთ გაცნობოდნენ ფონდის საქმიანობას, თუმცა ამ ინფორმაციით დღემდე არც ერთი მედია საშუალება არ დაინტერესებულა, რათა მიეღო სწორი და ამომწურავი ინფორმაცია. ფონდი „ქართუ"საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების საპასუხოდ, თავს ვალდებულად თვლის მეტი სიცხადე შეიტანოს საკითხში:
ფონდი „ქართუ" დახმარების თანხებს ანაწილებს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით, რომლის ამოსავალიც არის ამ ადამიანთა ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე.
ამას გარდა, ფონდის მიერ გაიცემა ყოველთვიური დახმარება თეატრებზე, კულტურულ და სამეცნიერო დაწესებულებებზე. ამ თანხის თანამშრომლებზე გადანაწილება ყოველთვიური ხელფასების სახით კი ხდება მათივე ადმინისტრაციის მიერ და ამაში ფონდი არანაირ მონაწილეობას არ იღებს.
გვინდა განვმარტოთ, რომ ფონდის მიზანი იყო და არის იმ ადამიანთა ღვაწლის დაფასება, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ერის კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის გაღრმავებაში და რომელთა დაფასებასაც სახელმწიფო სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს.
კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ფონდი „ქართუ" ღვაწლმოსილ ადამიანებს აფინანსებს მხოლოდ და მხოლოდ მათი დამსახურების მიხედვით და არა პოლიტიკური ან სოციალური სტატუსის ნიშნით"- ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება გამოთქმულ აზრს, რომ ფონდი „ქართუ" არ აფინანსებდა ხელმოკლე და სოციალურად დაუცველ პირებს და დაკავებული იყო ცნობადი სახეების დახმარებით, ფონდი თავს მოვალედ მიიჩნევს, მხოლოდ რამდენიმე ასეთ პროექტზე გაამახვილოს ყურადღება - "წლების განმავლობაში, ფონდის მიერ ფინანსდება რამდენიმე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი ; ფონდის დაფინანსებით ათეულობით ათას ხელმოკლე ადამიანს ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; ათასობით ადამიანი იღებს ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას. ეს არის მხოლოდ მცირედი ჩამონათვალი იმ სოციალური პროექტებისა, რომელსაც ფონდი „ქართუ" ახორციელებს და რომელშიც ბოლო 10 წლის განმავლობაში 120 მილიონი ლარი აქვს დახარჯული"- ნათქვამია ფონდ "ქართუს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფონდში განმარტავენ, რომ იმის გამო, რომ ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და იმის მტკიცებას, რომ აღნიშნული სიები ფონდის მიერ იქნა გავრცელებული, ზემოთმოყვანილი ფაქტების გაცხადება აუცილებლობად მივიჩნიეთ.
მასალის გამოყენების პირობები