ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა, 2009 წლის შედეგები შეაჯამა. მინისტრი 2009 წლის მთავარ მიღწევად ბიუჯეტის შესრულებას ასახელებს. ბაინდურაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელი ძალიან რთული იყო, ყველა სახელმწიფო პროგრამა დაფინანსდა.
"მთავარი იყო ბიუჯეტი. მიუხედავად იმისა, რომ წელი იყო ძალიან რთული, წლის ბოლოს მდგომარეობით, ყველა ხარჯი დაფინანსდა. "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკამ შეგვაძლებინა, რომ ყველა სახელმწიფო პროგრამა დავაფინანსეთ", _ განაცხადა ბაინდურაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო ადმინისტრაციული ცვლილებები საგადასახადო ორგანოებში. მინისტრის თქმით, დაინერგა ელექტრონული გადახდის სისტემა, რაც საგადასახადო ორგანოებსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობების გაადვილებას შეუწყობს ხელს.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი იყო ასევე ბუნებრივი დანაკარგების შესახებ შესაბამისი კანონის მიღება.
ფინანსთა მინისტრი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ასევე სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას. ბაინდურაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს 270 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებები იქნა გამოშვებული.
რაც შეეხება 2010 წელს, მინისტრის თქმით, იგეგმება ორწლიანი სახაზინო ვალდებულებების გამოშვება, რაც ბაინდურაშვილის განცხადებით, სახაზინო ვალდებულებების გამოშვების პრაქტიკის წარმატებაზე მეტყველებს.
ბაინდურაშვილის თქმით, 2009 წელს აქტიურად მიმდინარეობდა დონორებთან მუშაობა, რაც მომავალ წელსაც გაგრძელდება. ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე 3 მილიარდი დოლარი დაკონტრაქტებულია, 3 მილიარდ 700 მილიონი დარეზერვებულია თანხების სრული დაკონტრაქტება 2010 წლისთვის დასრულდება.
რაც შეეხება საგადასახადო სამსახურებში ადმინისტრაციულ ცვლილებებს, ფინანსთა მინისტტრის თქმით, ამის შესახებ დეტალები მომავალი წლის იანვარში გახდება ცნობილი.