პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ენერგეტიკის სექტორში წელს განხორციელებულ სამუშაოს დადებითად აფასებს.
როგორც გილაურმა მთავრობის მიერ 2009 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო 2009 წელს ელექტროენერგიას ოთხივე მეზობელ სახელმწიფოში ახორციელებდა და მისი მოცულობა იმხელა იყო, რომ ქვეყანა 5 ყველაზე ექსპორტირებულ სახელმწიფოთა რიცხვში მოხვდა.
გილაური ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებად გამრიცხველიანების პროექტის მეორე ეტაპის დასრულებას ასახელებს, რომლის ფარგლებშიც, რეგიონებში ყველა მსხვილი ქალაქის გამრიცხველიანება მოხდა.
"მომავალი წლიდან დაიწყება გამრიცხველიანების მესამე ეტაპი, რაც მსხვილი სოფლების გამრიცხველიანებას გულისხმობს. სულ 120 ათასი მრიცხველის დამონტაჟება მოხდება', - განაცხადა გილაურმა.
ამასთან, პრემიერი გაზიფიკაციის კუთხით განხორციელებული სამუშაოთიც კმაყოფილია და აცხადებს, რომ წელს ბუნებრივი აირი ბევრ სოფელსა და დაბაში შევიდა.
"სულ 87 ათასი ახალი აბონენტი გვყავს", - განმარტა პრემიერმა.
კიდევ ერთი, რასაც მთავრობის ხელმძღვანელი წარმატებულად აფასებს ინფრასტრუქტურული პროექტები და გზების რეაბილიტაციაა. გილაურის შეფასებით, გზების დაგების კუთხით 2009 წელი რეკორდული იყო.
გილაური იმითაც კმაყოფილია, რომ წელს რამდენიმე ჰესის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი და მას "მნიშვნელოვან წარმატებად" აფასებს.
"მომავალ წელსაც ჩვენი პრიორიტეტი გამრიცხველიანება, ახალი ჰესების მშენებლობა, წყლის სექტორის რეაბილიტაცია, ასევე განათლებსა და ჯანდაცვის სექტორები იქნება", - დასძინა პრემიერმა.