საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური წლევანდელი პრივატიზაციის პროცესით უკმაყოფილოა.
როგორც გილაურმა მთავრობის მიერ 2009 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კუთხით არ ეკონომიკის სამინისტრომ და არც კერძო სექტორმა არ იაქტიურა.
"უკმაყოფილო ვარ წლევანდელი პრივატიზაციის პროცესის მონაცემებით. გეგმაზე ნაკლები შედეგი მივიღეთ - ჯამში 170 მლნ ლარის ღირებულების ქონების გაყიდვა მოხდა. ამ კუთხით თავი არც ეკონომიკის სამინისტრომ გამოიჩინა და არც კერძო სექტორის მხრიდან შეინიშნებოდა აქტიურობა", - განმარტა გილაურმა.
ამასთან, მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის განცხადებით, მთავრობამ უკვე შეიმუშავა პრივატიზაციის ახალი გეგმა, რომელიც საზოგადოებას იანვრის თვეში წარედგინება.
"ახალი გეგმა უფრო დახვეწილი და მისი განხორციელების შედეგად, მომავალ წელს ჯამში პრივატიზაციიდან 250 მლნ ლარის მობილიზებას ველით", - დასძინა გილაურმა, რომლის განმარტებითაც, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი ქონება შევა.