საქართველოში სამი კვარტლის განმავლობაში 505 მლნ დოლარის პირდაპირი კერძო უცხოური ინვესტიციები ჩაიდო.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მთავრობის მიერ 2009 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგები შეაჯამა.
მისივე განმარტებით, ყველაზე მეტი პირდაპირი კერძო უცხოური ინვესტიცია მიმდინარე წლის მესამე კვარტალში განხორციელდა.
"მესამე კვარტალში საქართველოში 230 მლნ დოლარის პირდაპირი კერძო უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. ჯამში 700-800 მლნ დოლარის უცხოური კაპიტალი მივიღეთ", - განაცხადა გილაურმა.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში იმატა საერთაშორისო ფულადმა შემოდინებამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდანაც, რამაც თავის მხრივ ეროვნული ბანკის რეზერვები გაზარდა და როგორც პრემიერი განმარტავს, ამჟამად ის რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.
"იმატა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან თანხმების შემოდინებამ, მათ შორის გააქტიურდა აზიის ბანკი, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სხვა", - განმარტა ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელმა.