პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, მიმდინარე წლის გაზაფხულის აქციების გამო "ეკონომიკური ზრდის კუთხით ქვეყანამ აპრილი-მაისი დაკარგა".
"არც ერთ ქვეყანაში რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისი არ ყოფილა. საქართველოში კი, გაზაფხულის აქციებმა შეიძლება ითქვას, ეკონომიკაზე სერიოზული უარყოფითი გავლენა მოახდინა და მეტიც, ეკონომიკური ზრდის კუთხით აპრილი-მაისის თვეები დაგვაკარგინა. თუ პირველი კვარტალი -5%-ით დასრულდა, მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი -10%-მდე დაეცა, მაშინ, როცა ეს -3, -2 %-ზე უნდა დაფიქსირებულიყო, ანუ აქციების გამო მეორე კვარტალი 2-ჯერ უარესი იყო", - განაცხადა გილაურმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, სადაც მთავრობის მიერ 2009 წელს გაწეული მუშაობის შედეგები შეაჯამა.
მისივე განმარტებით, მეოთხე კვარტალი -4%-ით სრულდება, რაც წინა კვარტლების მონაცემებთან შედარებით პოზიტიური დინამიკაა.
ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი მომავალ წელს უკვე +2%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს და შესაბამის დინამიკას 201 წლის პირველი კვარტლიდანვე ელოდება.
"2009 წელი ეკონომიკურად არ იყო მარტივი არც საქართველოსთვის და არც სხვა ქვეყნებისთვის, ვინაიდან მსოფლიოს პირველად ჰქონდა ისეთი ეკონომიკური კრიზისი, როგორიც ბოლო 60-70 წლის განმავლობაში არ ჰქონია, თუმცა ჩვენ დავძლიეთ ეს კრიზისი და პოზიტივი გვაქვს ყველა მიმართულებით", - განმარტა გილაურმა. '