ეკონომიკის სამინიტროს დაქვემდებარებაში არსებული ზედამხედველობის სამსახური გაუქმდა. საკითხს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განხილავს. როგორც პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა სხდომაზე განაცხადა აღიშნული სამსახური რეალურად არაფერს აკეთებდა და მხოლოდ კერძო სექტორიდან ფულის ამოღებაზე იყო გადასული.
"ჩვენ საკმაოდ ბევრი რეფორმა გავატარეთ იმისათვის რომ ხელი შეგვეწყო კერძო სექტორისათვის, სამთავრობო სტრუქტურებში კი კორუფცია მოგვესპო. თუმცა როგორც ჩანს, კიდევ დარჩა რამდენიმე სამსახური რომელიც რეალურად არაფერს აკეთებს, არ მუშაობს და უბრალოდ ფულის კეთებაზეა გადასული. ერთ ერთი ასეთია ზედამხედველობის სამსახური", _ განაცხადა ნიკა გილაურმა და აღნიშნულის მაგალითად გასულ კვირას ზედამხედველობის სამსახურის რამდენიმე თანამშრომლის დაკავება მოიყვანა.
ამასთან, პრემიერის განმარტებით, ზედამხედველობის სამსახური უკვე აღარ ფუნქციონრებს, მის საბოლოოდ გაუქმებას გარკვეული პროცედურა სჭირდება.
"ყველა ბიზნესმენს მინდა ვუთხრა, რომ თუ მათთან ზედამხედველობის სამსახურის სახელით ვინმე მივა და თავიანთი ბიზნესის შემოწმებას ან ფულს მოთხოვს შეუძლიათ პირდაპირ პოლიციაში დარეკონ. ჩვენ ყველანაირ იურიდიულ ღონისძიებას გავატარებთ, რომ ასეთი სამსახურები აღარ არსებობდენ", _ განმარტა გილაურმა და აქვე მთავრობის წევრებს დაავალა თუკი უწყებებში "მსგავსი ტიპის სამსახურები კიდევ არსებობენ მათი გაუქმების საკითხი უახლოეს მთავრობის სხდომაზე გამოიტანონ".
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის წლის ბოლო შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყების წინ პრემიერმა მთავრობის წევრებს 2009 წელს გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა მოსახლეობას კი დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.