სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა 2009 წელს ღვინის ფალსიფიკაციის 30-მდე ფაქტი გამოავლინა.
ფაქტები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლით.
სხვა შემთხვევებში გამოვლინდა ხარისხობრივი დარღვევები შენახვის პირობების დარღვევის გამო. აღნიშნულ შემთხვევებში მოხდა რეალიზაციის აკრძალვა.
სუსტალკოჰოლურ სასმელებში გამოვლენილია ხარისხობრივი მაჩვენებლების დარღვევების ერთეული შემთხვევები. ლუდებში ,,კასტელი" და ,,ჰერცოგი" საწყის ბადაგში მშრალი ნივთიერებების მასური წილი არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.
მზა კერძებსა და კულინარულ ნაწარმში გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევების ერთეული შემთხვევები.
საბაჟო სამსახურის მიერ გამოსაკვლევად სურსათის უვნებლობის სამსახურს გადაცემული ჰქონდა 3 რძის ფხვნილის და 1 გაყინული თევზის საეჭვო შემთხვევა. ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ რძის ფხვნილის 2 ნიმუშში აღმოჩნდა დარღვევები - ორგანოლეპტიკური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლები არ შეესაბამებოდა სტანდარტისა და სანიტარიული წესებისა ნორმების მოთხოვნებს, საქმეები რეაგირებისათვის გადაეცა შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს. აღნიშნული პროდუქტების ბაზარზე განთავსება აიკრძალა, ხოლო რძის ფხვნილის 1 ნიმუშსა და თევზის შემთხვევაში ეჭვები არ დადასტურდა.