2009 წელს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა კვლევის შედეგად ხარისხობრივი ფალსიფიკაციის შემთხვევები გამოავლინა.
როგორც დღეს წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსმა მაია მეტრეველმა განაცხადა, კომპანია შპს ,,მთაგორის" ხელმძღვანელი კაპანაძე მიცემულია წინასწარ პატიმრობაში კარაქის ფალსიფიკაციის გამო. მეტრეველის თქმით, კარაქის სახელწოდებით სავარაუდოდ, ქოქოსის პალმის ცხიმი საღდებოდა. ამჟამად საქმე ძიებაშია.
ასევე, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა შპს ,,რუსთავი XXI" -ის დოკუმენტაცია კარაქის ფალსიფიკაციის ფაქტზე.
დარღვევები აღმოჩნდა იმპორტირებულ პროდუქტებშიც. მაგალითად, უკრაინაში წარმოებულ შესქელებულ რძეში ,,უმკა" დარღვეული იყო საწარმოს სტერილობის მოთხოვნა, მჟავიანობა, ცხიმის მასური წილი.
აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ ნაყინებში ,,თეთრი ოქრო", ,,ლაკომკა" და ,,ორეშოკი" - გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევები: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები და ოქროსფერი სტაფილოკოკი. საქმე რეაგირებისათვის გადაეცა შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს, ხოლო მავნებელ პროდუქტებს რეალიზაცია შეუჩერდა.
მიკრობიოლოგიური დარღვევები აღმოჩენილ იქნა შპს ,,მთაგორის" შებოლილ თევზში - ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, მიკრობთა საერთო რაოდენობა, ოქროსფერი სტაფილოკოკი და სხვ.