დღეს, 28 დეკემბერს, 11:00 საათზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში, ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის ორგანიზებით, გარემოსდაცვით საკითხებზე შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე ბუნებისმოყვარულთა საზოგადოების ხელმძღვანელი კახა სუხიტაშვილი საზოგადოებას გააცნობს დედოფლისწყაროს რაიონში წყლისმიერი ეროზიის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს, კერძოდ, ინფორმაციას მდინარე ალაზნის მიერ ტერიტორიების მიტაცებასთან დაკავშირებით. ასევე, შეხვედრაზე განიხილავენ სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს დაყრილი პესტიციდებით, გარემოს დაბინძურების საფრთხეებს და მუნიციპალიტეტების გამგეობების როლს კატასტროფების რისკების მართვის საკითხებში.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის საკოორდინაციო საბჭოს წევრები, გარემოს ეროვნული სააგენტოს, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტების გამგეობების, რეგიონული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ინიციატივა ხორციელდება ევროკომისიის დაფინანსებით `საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების და სიღარიბის შემცირებისათვის ადგილობრივი შესაძლებლობების გაზრდა, სტრუქტურული დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარება~ - პროექტის ფარგლებში.