ჟენევაში მყოფმა აფხაზ და ოს სეპარატისტთა დელეგაციებმა, მოლაპარაკებებზე დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს. განცხადება ამის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გააკეთა.
"ჯერ კიდევ ახლახანს ნიუ-იორკში გამართული კენჭისყრის დროს, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეაზე ამ თემაზე გაიმართა აფხაზურმა და ოსურმა დელეგაციებმა გარკვევით განაცხადეს, რომ არ არიან თანახმა ეს თემა პარალელურად ორ ადგილას ჟენევაში და ნიუ-იორკში განიხილებოდეს", _ განაცხადა კარასინმა. მისივე თქმით, აფხაზური და ოსური დელეგაციების პოზიცია "აბსოლუტურად ლოგიკურია, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ეფექტური მოედანი ამ თემის განსახილველად არის ჟენევა სადაც განხილვაში სამივე მხარე მონაწილეობს".
"სოხუმსა და ცხინვალს არ აწყობს ის, რომ ქართული მხარე ამ თემას ნიუ-იორკში განიხილავს სადაც მათ მონაწილეობის მიღებისა და თავისი პოზიციის გამოხატვის საშუალება არ აქვთ, ვინაიდან მათ აშშ ვიზებს არ აძლევს", _ განაცხადა კარასინმა.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-17 რაუნდი გუშინ ჟენევაში გაიმართა. მომავალი რაუნდი კი ჟენევაში მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. კონკრეტული თარიღი ჯერ-ჯერობით განსაზღვრული არ არის.