აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, რომლებიც ქვეყნის ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“ და მის მხარდამჭერ ქსელებს ეხება.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები ფიზიკურ პირებს, ქსელებსა და 17 გემს დაუწესდა, რომლებიც ირანული ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და ნავთობქიმიური პროდუქციის ტრანსპორტირებაში მონაწილეობდნენ.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქცირებულ გემებს მილიონობით ბარელ ირანული ნავთობი და ნავთობპროდუქტები სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე გადაჰქონდათ. სანქციები ასევე შეეხო კომპანიებს, რომლებიც ამ გემებს ფლობენ ან ოპერირებენ.
სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, დღევანდელი გადაწყვეტილება Operation Economic Outcast-ის ფარგლებში მიიღეს და მიზნად ირანისთვის ნავთობის უკანონო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების შეზღუდვას ისახავს. ვაშინგტონის შეფასებით, სანქციები ირანის დარჩენილი „ჩრდილოვანი ფლოტის“ უდიდეს ნაწილს ფაქტობრივად ანეიტრალებს.
Reuters-ის ინფორმაციით, ახალი სანქციები ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების ნაწილია. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, თეირანს ბლოკადის ფარგლებს გარეთ გემებზე დაახლოებით 20 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი დარჩა.
ახალი სანქციები ტრამპის განცხადებიდან მალევე გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც აშშ 3 ნოემბრის კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ირანზე ახალ სამხედრო თავდასხმას არ განახორციელებს. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანთან „შედეგიან მოლაპარაკებებს“ აწარმოებს.