ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ქართული წარმოშობის ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის მედლით დააჯილდოვა. მუსაევსა და კიდევ ხუთ სამოქალაქო პირს პრეზიდენტის ჯილდო დღეს, 8 ოქტომბერს, იერუსალიმში გამართულ ცერემონიაზე გადასცეს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
მუსაევი იმ მგზავრებს შორის იყო, რომლებმაც 30 სექტემბერს დუბაი-თელ-ავივის რეისზე თვითმფრინავის პილოტზე თავდასხმის დროს თავდამსხმელის შეჩერება და პირველი პილოტის დახმარება შეძლეს..ინციდენტის შედეგად თვითმფრინავი საუდის არაბეთში, ტაბუკში, ავარიულად დაეშვა.
ისრაელის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მედიის ინფორმაციით, მუსაევმა თავდამსხმელის შეჩერების შემდეგ მძიმედ დაჭრილ კაპიტანს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და მდგომარეობის სტაბილიზებაში დაეხმარა, ვიდრე თვითმფრინავი საუდის არაბეთში დაეშვებოდა.
ჯილდო მუსაევთან ერთად გადაეცა იანივ ჰაიუნს, ცვიკა და ტალი მანსებს, ორ პარდილოვსა და ასაფ რაჟუანს, რომლებმაც ინციდენტის დროს თვითმფრინავისა და მგზავრების გადარჩენაში მონაწილეობა მიიღეს.
ჰერცოგმა დაჯილდოებულებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ საფრთხის დროს საკუთარი სიცოცხლე სხვების გადასარჩენად რისკის ქვეშ დააყენეს.