თბილისი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან აგრძელებს სამხედრო ძალისა და ტექნიკის მობილიზებას. ასევე ახდენს დივერსიულ-დაზვერვითი ჯგუფების შეგზავნას ამ ტერიტორიებზე სიტუაციის დესტაბილიზების მიზნით. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებათა მე 17 რაუნდის კომენტირებისას გააკეთა.
"ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ თბილისი აგრძელებს თავისი სამხედრო და პოლიციური პოტენციალის სრულყოფას და გაძლიერებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს. კვლავინდებურად გრძელდება ქართული საფრენი აპარატების ფრენა მეზობელი რესპუბლიკების ახლომდებარე ტერიტორიებზე. ასევე აღინიშნება დივერსიულ-დაზვერვითი ჯგუფების შეგზავნა და აქტიურობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე", _ განაცხადა კარასინმა და აღნიშნა, რომ ქართული მხარის ამგვარი ქმედებები ხელს უშლის სიტუაციის სტაბილურობას და "რა თქმა უნდა გამორიცხავს რაიმე სახის ნდობის გაჩენის მასშტაბური ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას".
კარასინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკვე დროა თბილისმა ახალი რეალობა მიიღოს - "აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მათთან ნორმალური, სახელმწიფოებრივი ურთიერთობები დაამყაროს".
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-17 რაუნდი გუშინ ჟენევაში გაიმართა. მომავალი რაუნდი კი ჟენევაში მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.