ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან რამდენიმე კატეგორიის უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს შესვლა დროებით აეკრძალა. ეს განცხადება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა გააკეთა. მისი თქმით, კომპეტენტურმა ორგანოებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა შეეზღუდათ ისეთი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ ვითარებასა და საზოგადოებრივ მდგომარეობაზე. აღსანიშნავია, რომ ეს"აკრძალვა" რუს სამხედროებს არ ეხება.
"შეზღუდვები არ ეხება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთში არსებულ მეოთხე რუსული სამხედრო ბაზაზე მსახურობენ, ეს ასევე არ ეხება რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს, აღდგენით სამუშაოზე დასაქმებულ მუშებს და ადამიანებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთში საოჯახო საქმეებზე მიემგზავრებიან", _ აცხადებს ჯიოევი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული "აკრძალვის" შემოღების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ცესკომ" თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჯამბოლატ თედეევს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. მისმა მომხრეებმა კი ე.წ. ცესკოს იმ სხდომაზე შეჭრა სცადეს, სადაც ეს საკითხი განიხილებოდა.
სულ დღეისათვის, ამ ინციდენტის გამო ე.წ. სამხრეთ ოსეთი გენპროკურატურის მიერ დაკავებულია 34 ადამიანი, მათგან 30 ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ბრალდება წაუყენეს.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 13 ნოემბერს უნდა გაიმართოს. ე.წ. ცესკოს უკვე დარგისტრირებული ჰყავს 28 საინიციატივო ჯგუფის დოკუმენტები, ხოლო პრეზიდენტობის კანდიტატთა რაოდენობა დღევანდელი მონაცემებით ხუთი ადამიანია - ალან კოჩიევი, ვადიმ ცხოვრებოვი, ვლადიმერ ქელეხსაევი, დიმიტრი ტასოევი და ალან ბესტაევი.